X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი - რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებით ჩვენ ვაძლევთ საშუალებას რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მიიღოს დამატებითი შემოსავალი

10 ივლისი 2020

სხვადსხვა ტიპის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებით ჩვენ ვაძლევთ საშუალებას რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას განავითაროს ბიზნესი და მიიღოს დამატებითი შემოსავალი, - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ასურეთის რეაბილიტირებული უბნის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„აქ გერმანელი კოლონისტები ჩამოსახლდნენ 200 წლის წინ და მას შემდეგ, ეს უკვე ორი ერის ისტორიის ნაწილია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, აქაური არქიტექტურაც გერმანული და ქართული არქიტექტურის ერთგვარი ნაჯვარია. პირველ რიგში, სახელმწიფოს ინვესტიცია გათვლილია ტურიზმის განვითარებასა და შემოსავლების ზრდაზე. მხოლოდ შარშან, დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა გერმანიიდან ვიზიტორების რაოდენობა და ბუნებრივია, გერმანიის საელჩოსთან, ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ ევროპიდან ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდოს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ასურეთში დასრულდა ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, სრულად აღდგა ეკლესია, ისტორიული სასაფლაო და გარდა ამისა, მოეწყო საბაზისო ინფრასტრუქტურა.

„სამწუხაროდ, აქ ჯერ კიდე არსებობს წყალმომარაგების პრობლემა და უახლოეს მომავალში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებთან ერთად, ამ საკითხს აუცილებლად მოვაგვარებთ. კომპლექსური მიდგომითა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ვიზრუნებთ ამ მარშრუტის პოპულარიზაციაზე და ვიმედოვნებთ, რომ ასურეთი ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ცენტრი გახდება,“- თქვა მაია ცქიტიშვილმა.